ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ, თანამომხსენებლების განმარტებით, ცალსახად არ სურთ კომენტარის გაკეთება მისი საქმეების რომელიმე იურიდიულ ასპექტზე, რასთან დაკავშირებითაც მომხსენებლები სრულად ენდობიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მათ გამოთქვეს შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დაპირისპირების გამო.
„ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების ყოფნამ შეიძლება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის მკურნალობაში დახმარების გასაწევად“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს 27-29 მარტს სტუმრობდნენ.