საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ფონდის მმართველი დირექტორი ჰარალდ როზენბახი ხელმძღვანელობდა.
განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მაქს ვებერის ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოში მაქს ვებერის ფონდის ოფისის დაფუძნების საკითხს.
შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიას განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაქს ვებერის ფონდთან თანამშრომლობა უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირებს და შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეცნიერებს, ევროპელ კოლეგებთან ერთად, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
გიორგი ამილახვარის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონის მასშტაბით საქართველოს, როგორც განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბების კუთხით და ამ საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მაქს ვებერის ფონდთან პარტნიორობა.
მაქს ვებერის ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევებს როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თერთმეტ ავტონომიურ ინსტიტუტს აერთიანებს.