თბილისის მერია „სტრიტ არტის“ კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია „სტრიტ არტის“ კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს აპრილის განმავლობაში შეეძლებათ წინადადებების შემოტანა, რომლის მიხედვით, პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„დედაქალაქში „სტრიტ არტის“ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე, და ასე შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება.

ამჯერად, გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს „სტრიტ არტის“ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „სტრიტ არტისტებს“ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს ქალაქის გალამაზებას.

„ამ ახალგაზრდებს, ვინც „სტრიტ არტით“ არიან დაკავებული, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ერთად გავალამაზოთ და გავაფერადოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები და სივრცეები. მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ახლა კი, ველოდებით თქვენს წინადადებებს და ჩვენ დაგიფინანსებთ კონკრეტულ პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა