იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს კიდევ ერთი წარმატებული საქმით აგრძელებენ

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს კიდევ ერთი წარმატებული საქმით აგრძელებენ

იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის - „მენტორთა პროექტის“ ფარგლებში, პირველი საქმე წარიმართა და წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ადვოკატების - სულხან კომახიძის, მაკა რევიას და არჩილ ცაგურიას ძალისხმევით, ბრალდებული ი.მ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

„2022 წლის დეკემბრის თვეში რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში შემოვიდა საქმე, როდესაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად მხოლოდ ორი დღე ჰქონდა. ი.მ. -ს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა-სისტემატური შეურაცხყოფა) 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ „კ“ ქვეპუნქტებით და 11-137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები (გაუპატიურება დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შშმ პირის მიმართ), რაც საერთო ჯამში 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საქმის ვითარების შესწავლის შემდეგ დასაცავ პირთან ერთად ადვოკატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა.

2023 წლის 27-31 მარტს, სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილი იყო 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. მათ მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს. შეაფასეს და იხილეს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის მტკიცებულებები.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული ი.მ.-ს უდანაშაულობა. საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატების პოზიცია სრულად გაიზიარა და თორმეტი ხმით არცერთის წინააღმდეგ, სამივე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი ვერდიქტი გამოტანა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.