განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა, დასრულდა - აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, კომისია წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„აღნიშნული აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, აუქციონში, რომელიც 300 მგვტ. სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, ჯამურად, 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე, 78 განაცხადი შემოვიდა. მისი შეფასებით, ასეთი მაღალი აქტიურობა ბიზნესსექტორთან სწორი კომუნიკაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შედეგია.
მხარდაჭერის ახალი სქემა მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს შეეხება, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ადგილობრივი გენერაციის განვითარებას ხელი შეუწყოს. 10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე), ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.