ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც სამართალდამცავებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
„დღეს განსახილველი საქმე ეხება ბადრი ესებუას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას, რაც არის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა სრულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები“, - განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.
თავის მხრივ, დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით, დღევანდელ პროცესზე ესებუა ბრალს აღიარებს. მისი განმარტებით, ბადრი ესებუას იარაღი თავდაცვის მიზნით სჭირდებოდა.
„ბრალდებულის პოზიცია ის არის, რომ მართლაც ჰქონდა იარაღი და სჭირდებოდა თავდაცვისთვის. მოგეხსენებათ, ის ორი წლის განმავლობაში იმალებოდა და არსებობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე. ის არ უარყოფს ამ ფაქტს. დღეს პროცესზე ბადრი ესებუა ბრალს აღიარებს იარაღთან დაკავშირებით. შესაბამისად, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა რა სასჯელი იქნება, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია,“ - განაცხადა უფლებადამცველმა სოსო ჯანაშიამ.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.