სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა