ჩვენი ერთადერთი პირობაა, შეწყდეს და არასდროს განმეორდეს ძალადობა, ბულინგი და მოქმედი კურიერების საქმიანობის უფლების შეზღუდვა. აღნიშნული ფაქტების ამსახველ მასალას კომპანია აუცილებლად მიაწვდის სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ ფაქტებით დაინტერესდება, - ამის შესახებ „ვოლტ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა, სერგი მარღანიამ განაცხადა.
როგორც სერგი მარღანია განმარტავს, „ვოლტი“ თანამშრომლებთან ხელშეკრულებას მხოლოდ უხეში დარღვევების გამო წყვეტს.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის. ასევე, ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან და ეს ნამდვილად არის ჩვენი ინტერესი. ამასთანავე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთადერთი პირობაა, შეწყდეს და არასდროს განმეორდეს ძალადობა, ბულინგი და მოქმედი კურიერების საქმიანობის უფლების შეზღუდვა. აღნიშნული ფაქტების ამსახველ მასალას კომპანია აუცილებლად მიაწვდის სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ ფაქტებით დაინტერესდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი პარტნიორები და მომხმარებელი.
რაც შეეხება ხელშეკრულებების შეწყვეტის თემას, „ვოლტი“ ხელშეკრულებას წყვეტს მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, მათზე ძალადობა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვა,“ - განაცხადა სერგი მარღანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, იოსელიანმა შრომით უფლებებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა. მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი აღნიშნული განცხადებების შესწავლას აგრძელებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.