მოვუწოდებთ თბილისის მერს, შეწყვიტოს საკუთარი 6-წლიანი წარუმატებელი მერობის მძიმე შედეგების თბილისელებზე გადანაწილება, სასწრაფოდ მიიღოს ზომები სამუშაოების დროსა და სივრცეში სწორად დასაგეგმად, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისელებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, მერიის ბიუროკრატიის უუნარობისა და არაეფექტიანი მმართველობის გამო გაიჭირვონ, დააგვიანონ სამსახურებში, სკოლებში, ბაღებში და იცხოვრონ გაუსაძლის პირობებში.
„ერთად გავიჭირვოთ - ამ სიტყვებით მიმართა დღეს თბილისის მერმა თბილისელებს და მოუწოდა მათ, გაგებით მოეკიდონ იმ გაუსაძლის ვითარებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ, მერიის პასუხისმგებლობაა. თბილისელებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, მერიის ბიუროკრატიის უუნარობისა და არაეფექტიანი მმართველობის გამო გაიჭირვონ, იყვნენ მუდმივ სტრესში, დააგვიანონ სამსახურებში, სკოლებში, ბაღებში და იცხოვრონ გაუსაძლის პირობებში, მათ შორის ეკოლოგიურად გაუარესებულ გარემოში, რაც გამოწვეულია ერთდროულად ინფრასტრუქტურული და ქაოტური მშენებლობებით. მოვუწოდებთ თბილისის მერს, შეწყვიტოს საკუთარი 6 წლიანი წარუმატებელი მერობის მძიმე შედეგების თბილისელებზე გადანაწილება, სასწრაფოდ მიიღოს ზომები სამუშაოების დროსა და სივრცეში სწორად დასაგეგმად და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოს თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ, როცა მოქალაქეები საათობით დგანან საცობში, „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები უპრობლემოდ გადაადგილდებიან ავტობუსის ზოლში ე.წ. ბასლაინში.
გიორგი შარაშიძე მოუწოდებს კალაძეს, რომ თუ მას მართლაც სურს, მოქალაქეებთან ერთად გაინაწილოს გაჭირვება, არც თავად ისარგებლოს ამ პრივილეგიით, დააწესოს აკრძალვა და შეზღუდოს ავტობუსის ზოლით სარგებლობა ყველა ჩინოვნიკისთვის.
„მაშინ, როცა მოქალაქეები საათობით დგანან საცობში, „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები უპრობლემოდ გადაადგილდებიან ავტობუსის ზოლში ე.წ. ბასლაინში! ბატონ კალაძეს მოვუწოდებთ, თუ მას მართლაც სურს, მოქალაქეებთან ერთად გაინაწილოს გაჭირვება, არც თავად ისარგებლოს ამ პრივილეგიით, დააწესოს აკრძალვა მერიის ყველა თანამშრომელზე და გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომ მკაცრად შეიზღუდოს ავტობუსის ზოლით სარგებლობა ყველა ჩინოვნიკისთვის, გარდა მოქალაქეთა უსაფრთხოებსა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სამსახურებრივი ავტომობილებისა! როგორი გაუსაძლისიც არ უნდა იყოს თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება, მათ მართლაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მოითმინონ დისკომფორტი და გაიჭირვონ საკუთარ მერთან ერთად, ოღონდ იმ მერთან ერთად, რომელიც დილით მეტროში სიძულვილის პლაკატებს არ დაახვედრებს და თანაც იცრუებს, თითქოს მისი ნებართვის გარეშე ვინმე გაბედავდა მეტროში ასეთ ვანდალიზმს, იმ მერთან, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც ევროპული ღირებულებების მატარებელი იქნება, იმ მერთან, რომელიც საკუთარი მერობის 6 წლის თავზე იმაზე ცოტა მეტის გაკეთებას მოახერხებდა თბილისელებისთვის, ვიდრე სკვერებისა მოწყობაა და თბილისს, პირველ რიგში მმართველობის ღიაობითა და გამჭვირვალობით ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქცევდა! სატრანსპორტო რეფორმა რომ აუცილებელია, ეს ყველას გვესმის და არ გვჭირდება ზედმეტი ახსნა-განმარტება, რასაც თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩვეულზე ბევრად მეტი დრო დაუთმო ბატონმა კალაძემ, რომელმაც კორუფციაში ჩაფლული საკუთარი გუნდის უუნარობით გამოწვეულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ამჯერად საკუთარ მოქალაქეებს გაუნაწილა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის მერი გაურბის პასუხისმგებლობას! ის უკვე 6 წელია თბილისის მერია და არ გვახსენდება არც ერთი შემთხვევა, მას საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა! შევახსენებთ ბატონ მერს, რომ მხოლოდ ის და მისი მრავალათასიანი გუნდი, რომელიც სავსეა ოცნების პარტიული აქტივით და რომლის შენახვაც მილიონობით ლარი უჯდებათ თბილისელებს, არის ერთადერთი პასუხისმგებელი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსზე! თბილისში შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მერიის მენეჯმენტის არაეფექტიანობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კითხვის ნიშნებზე, რაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თბილისის საკრებულოს სხდომებზე და ასევე არაერთხელ დაგვიყენებია ინიციატივა ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.