სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის კუთხით დადებითი ტენდენცია არსებობს.
უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის 10-თვიან პერიოდში გახსნილ იქნა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, 2021 წელს - 6 პირის მიმართ, ხოლო 2020 წელს - 4 პირის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 10 თვის მონაცემით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 100%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 33%-ით.
“ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა. აღნიშნულის შემდეგ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი მნიშვნელოვანი დანაშაულის გამოძიება დაემატა.
დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი გამოწვევაა გაზრდილმა საგამოძიებო ქვემდებარეობამ და შინაარსობრივად განსხვავებული დანაშაულების გამოძიებამ არ შეაფერხოს სამსახურის სწრაფვა მისი შექმნის მიზნისა და მისიისკენ, რომელიც არასათანადო მოპყრობასთან ეფექტურ ბრძოლაში მდგომარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას და მის წარმატებით გამოძიებას თან ახლავს არაერთი სირთულე, რაც დაკავშირებულია ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების პრობლემასთან, მოწმეთა დაბალ ცნობიერებასთან, მათ დამოკიდებულებებთან, რომ სამართალდამცავის მხილებით გამოწვეული მოსალოდნელი უსიამოვნების გამო თავი შეიკავონ თანამშრომლობისგან, ცალკეულ შემთხვევაში თავად დაინტერესებული სამართალდამცავების მცდელობებთან ხელი შეუშალონ მტკიცებულებების მოპოვების პროცესს და ა.შ.
ამ გარემოებების გათვალისწინებით 2020 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული ყველა ანგარიში აჩვენებს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის მაჩვენებელი არის დაბალი, რის გასაუმჯობესებლადაც სამსახურს მომავალში დიდი მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს. სამსახურის შექმნის მიზნისა და მისიისკენ სწრაფვის პროცესში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და მისი შედეგების შესაფასებლად მნიშვნელოვანია პარალელები გავავლოთ წინა წლების მაჩვენებლებთან. ამგვარი მონაცემები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს დადებითი ტენდენცია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის კუთხით“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.