საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერისტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ცნობილი ჟურნალისტისა და კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ქართული სპორტის ქომაგებსა და საზოგადოებას. ამაის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
დავით გურგენიძის განცხადებით, დიდია ჯამლეტ ხუხაშვილის წვლილი ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი საკალათბურთო სახეობის პოპულარიზაციასა და განვითარებაში.
“ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულთათვის დაუვიწყარი იქნება ბატონი ჯამლეტის არაერთგზის სტუმრობა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების შესახებ მისი საუბრები. სპორტის ქომაგები არასოდეს დაივიწყებენ მის, როგორც სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის მკვეთრად გამორჩეულ სტილსა და ადამიანებთან კომუნიკაციის გასაოცარ უნარს, რითაც მან საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა. მრავალი დამსახურების გამო ბატონი ჯამლეტი დაასახელეს კიდეც საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად, მას მიენიჭა სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, იყო ღირსების ორდენის კავალერი. უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავია მისი საიუბილეო წიგნი - „ყურადღება“. ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე და ზრუნავდა ჩვენს ორ უძველეს ერს შორის კავშირების გაღრმავებაზე. ის დააკლდა ქვეყანას, ქართულ სპორტს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი ჯამლეტის ოჯახს, სპორტის ქომაგებს, ებრაელ ხალხსა და ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.