სამივე მოწმემ სრული კატეგორიულობით დაადასტურა, რომ პროექტის ცვლილებები მათ არ შეუდგენიათ და მათი სახელებით გაკეთებული ხელმოწერები და ბეჭედი დატანილია გაყალბებით , - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით განაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროექტის ავტორი ორგანიზაციის "ელემსის" წარმომადგენლები და მთავარი არქიტექტორი დაიკითხნენ.
პროკურორის თქმით, მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
"აღნიშნულმა პირებმა შეადგინეს ვაკის პარკის პროექტი და ჩვენ აღნიშნულ პირებთან პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები გვქონდა. მოგეხსენებათ, "გრინსერვის +"-ის დირექტორს ბრალდება წარდგენილი აქვს გაყალბებული პროექტის ცვლილებების გამოყენებასთან დაკავშირებით. სამივე მოწმემ სრული კატეგორიულობით დაადასტურა, რომ პროექტის ცვლილებები მათ არ შეუდგენიათ და მათი სახელებით გაკეთებული ხელმოწერები და ბეჭედი დატანილია გაყალბებით. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება და გარემოებაა ჩვენთვის, ვინაიდან ბრალდებულს ვედავებით, რომ ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, მან ამ დოკუმენტების სიყალბე იცოდა და განზრახ გამოიყენა. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაყალბებული პროექტები "გრინსერვის +"-მა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა, რომელმაც "გრინსერვის +"-სთან შეთანხმება გააფორმა და ამის საფუძველზე პროექტში ცვლილებები შევიდა. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მათ ამ ცვლილებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათი ხელმოწერები და ბეჭედი გაყალბებულია", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).