რუსეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი ალხას კვიცინიაც ესწრებოდა.
ცერემონიაზე პუტინმა აფხაზეთს "სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელი" უწოდა.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღებს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერის 15 წლის იუბილეს. რუსეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინს რწმუნებათა სიგელები გადასცა, მათ შორის აშშ-ს ახალმა ელჩმა ლინ ტრეისიმ.
პუტინმა ელჩებთან მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, დიალოგისთვის ყველა ქვეყანასთან და არ აპირებს იზოლირებას.