შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მუდმივი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოითქვა, რომ არსებული თანამშრომლობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.