„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, არის გაფრთხილება და შეშფოთება ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე.
როგორც ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, აშშ მზადაა, ამ მიმართულებით, დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
„ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს“, - ამბობს დენიელ ფრიდი.