გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 14 ავტომობილი - „რენო დასტერი“, 6 „ბაგი“ და 8 გასაბერი ნავი შეემატა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი აღჭურვილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენისთვის, როგორიცაა: უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა და ჰაერის დაბინძურება.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილში უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ვახორციელებთ. რეფორმები გულისხმობს სამართლებრივი რეგულაციების დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება და პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მიღებული რეგულაციების აღსრულება და გარემოსდაცვითი კონტროლი. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ამ ეტაპზე, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე დონორების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შევიძინეთ სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა - დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, ასევე, ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამზომი თანამედროვე ხელსაწყოები. აღჭურვილობა დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა, რაც მათ დაეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია და გამოვლენა-აღკვეთა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ცნობით, ახალი "რენო დასტერები" აღჭურვილია „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები „ბაგებს“ გამოიყენებენ.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, ასევე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ECO.Georgia და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით უკანონო თევზჭერის მიმართულებით.

„ბრაკონიერები იმდენად ანადგურებენ ჩვენს იხტიოფაუნას, რომ შეიძლება მისი აღდგენაც კი გაჭირდეს. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია, ამ მიმართულებით როგორც შესაბამისი მკაცრი სანქციების არსებობა, ისე, ეფექტიანი კონტროლი. დეპარტამენტმა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, რომ ბრაკონიერობა შეწყდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელის, კრისტიან გოენერის განმარტებით, გერმანიის მთავრობას სურს მხარი დაუჭიროს საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტყის სექტორის რეფორმის განხორციელებასა და ტყის შენარჩუნების ნაწილში. მხარდაჭერის მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს ტყის მდგრადი მართვის მექანიზმი და უზრუნველყოს როგორც სატყეო სექტორის შენარჩუნება, ასევე ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების შერბილება.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა