სოფელ ბერშუეთში, საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა. დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე 2 პირი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს და დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს. როგორც ცინცაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა ჩხუბს, რომელიც პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები - 40 და 44 წლის მამაკაცები მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან, ეს სასამართლო პროცესზეც განაცხადეს, თუმცა არ ეთანხმებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოხდა გაურკვევლობა. ბერშუეთში მცხოვრები ერთი პირი სოფელში არსებული საგუშაგოს სიახლოვეს გადაადგილდებოდა ავტომობილით, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში - ნასვამი, საგუშაგოზე მყოფმა პირებმა ანიშნეს, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასძახა - ხომ მიცნობთ, რომ აქაური ვარ, რატომ მაჩერებინებთო. ამას მოჰყვა უთანხმოება, შემდეგ მისახმარებლად მივიდნენ სხვებიც. ფაქტობრივად, მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მხარემ მიიღო სხეულის დაზიანებები. ჩემის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს აღენიშნება სხეულის დაზიანებები, რის გამოც მოვითხოვე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამგვარი ფორმულირება. უფრო მეტიც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საკმაოდ კარგი განწყობა აქვთ შსს-ს დანაყოფების მიმართ, ეს ადამიანები ეიმედებათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში“, - განაცხადა ცინცაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი