[მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები] ქვეყნის იმიჯისთვის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. ამ ადამიანებისთვის რომ დამაზიანებელია ისედაც ცხადია, მაგრამ ფაქტობრივად, მათ თავიანთი ქმედებებით დააზიანეს ქვეყნის იმიჯიც, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
მისი თქმით, დაწესებული სანქციები, ამავდროულად მხარდამჭერი სიგნალია კეთილსინდისიერად და დამოუკიდებლად მომუშავე მოსამართლეებისთვის.
„რა თქმა უნდა, სანქციებს უარყოფითი გავლენა აქვს და ექნება. ეს იმიჯი რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდება, ვინაიდან სხვა დროს ქვეყანა აღარ დადგეს ისეთი ფაქტის წინაშე, რომლის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეებს სანქციებს უწესებენ. თუმცა, ამას დადებითი ეფექტიც ექნება იმ კუთხით, რომ მოსამართლეები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ასეთი ბევრია სასამართლო სისტემაში, მათთვის ეს არის გარკვეული მხარდამჭერი სიგნალი. ისინი აუცილებლად იგრძნობენ, რომ „კლანისთვის“ განწირულები არ არიან და მათ წესიერებას და პატიოსნებას აუცილებლად დააფასებენ“, - განაცხადა ბესარიონ ალავიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების კონკრეტულ ნაწილს, რომლის თანახმად, ოთხივე მოსამართლე მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში იყო ჩართული, როგორც ბესარიონ ალავიძემ აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ბევრი სახის, რაც მხოლოდ „თანხის აღებას არ მოიცავს“.
„მაგალითად, კორუფციაა ის, რომ მოსამართლე რაღაც შეღავათს იღებს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, შეიძლება მას რაღაც პრობლემა ჰქონდეს და ეს მოუგვარონ იმის სანაცვლოდ, რომ ხელი მოაწეროს კონკრეტულ საქმეს და უკარნახონ გადაწყვეტილების თაობაზე. ანუ კორუფცია არ არის მხოლოდ [თანხის ] ჭამა. ახლა, არ მგონია საქართველოში ის დრო იყოს, ვისაც სურს, მოსამართლესთან მივიდეს და თანხა გადასცეს. ზოგადად, თეორიულად, მე ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, ოღონდ არა ასეთ დაბალ დონეზე, არამედ, უფრო მაღალ დონეზეც იყოს ასეთი საკითხები და ამის თაობაზე ახლა არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ რა თქმა უნდა, კორუფცია არ მოიცავს მხოლოდ თანხის გადაცემას. კორუფცია მოიცავს, მათ შორის გავლენების გამოყენებას“, - განაცხადა ბარიონ ალავიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.