„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის თქმით, დღევანდელ პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა. მისივე თქმით, დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმრავლესობა უდავოდ ცნო, მოითხოვა მხოლოდ სუნის ნიმუშებისა და მასრების გამოკვლევა. აღნიშნულ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე გამოიკვლევს, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.
„დღეს ბრალდების მხარემ გააგრძელა მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოვკითხეთ ერთი დაზარალებული. ასევე, ჩვენ ვგეგმავდით ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმრავლესობა უდავოდ ცნო, მოითხოვა მხოლოდ სუნის ნიმუშებისა და მასრების გამოკვლევა და ამ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე გამოიკვლევს შემდეგ სასამართლო სხდომაზე", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.
ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე იმ მოწმეების გამოკითხვას ითხოვდა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. თუმცა, მისივე თქმით, მან მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ აღნიშნული პირები შესაძლოა, დაბრუნდნენ ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ამიტომ მოითხოვა მათი გამოკითხვა შემდგომ სხდომებზე. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
„დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა ერთი მოწმე, რომელიც მოცემულ საქმეზე იყო დაზარალებული, რომელსაც თვალით არ უნახავს მძარცველი. მან განაცხადა, რომ გაიგო, რომ ეს იყო ბადრი ესებუა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მასმედიის საშუალებით ორი დღის შემდეგ გაუგია. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა საზღვარგარეთ გასული მოწმეების გამოკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ აღნიშნული პირები შესაძლებელია დაბრუნდნენ საქართველოში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ამიტომაც მოვითხოვეთ მათი გამოკითხვა შემდგომ პროცესებზე და სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დღევანდელ პროცესზე გაირკვა, ბრალდების მხარეს უნდოდა ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა ამ ნივთიერი მტკიცებულებებიდან დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოკვლეული იქნება მხოლოდ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი მასრები და ასევე, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი სუნის ნიმუშები“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.