ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია იმისთვის, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს წინასწარი ტექნიკური კვლევები და ისინი გვაძლევენ საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილმა თბილისში დღეს განახლებადი ენერგიების სფეროში ოთხი ქვეყნის - საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამართული მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გახსნა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა განვიხილეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ შარშან დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები იტალიურ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, გვაქვს შესწავლის პირველი შედეგები, რომლებიც გავუზიარეთ კოლეგებს და ვიმსჯელეთ პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია იმისთვის, რომ პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზს გაუსვეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას, ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

„განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფარგლებში. შესაბამისად, კომიტეტის მუშაობის პროცესში აქცენტი გაკეთდა როგორც პროექტის მიმდინარე სტატუსზე, ისე პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანშეწონილობა ფაქტობრივად დადასტურებულია, თუმცა დამატებითი კვლევები მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს და წლის ბოლოსთვის უკვე იქნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიიდან განახლებადი ენერგიების მიწოდების საშუალებებს გააჩენს ევროკავშირში.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში