შიდა ქართლში, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა.
თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანთან რაიმე ტიპის სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში რჩება, სადაც ბრალის წარდგენის შემდგომ, მწვავე ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, მწვავე ინსულტის ნიშნები ბრალის წარდგენის შემდეგ გამოვლინდა. კლინიკა ,,ვივამედში“ მიმდინარე სტაციონარული მკურნალობის მიუხედავად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მამაკაცს ამ დრომდე პარალიზებული აქვს ზედა და ქვედა მარცხენა კიდური.
რაც შეეხება წაყენებულ ბრალს, კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არასრულწლოვანთან რაიმე სახის სექსუალური ხასიათის არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეულ პირებთან ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება და გამორიცხული არ არის, ეს აბსურდული ბრალდება, თითქოს შენიშნეს, ფარდულის შესასვლელში არასრულწლოვანს ეხვეოდა, სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებას და დანაშაულის დაბრალების მცდელობას უკავშირდებოდეს“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში 28 მარტს მოხდა, შესაბამის უწყებებს ფაქტის შესახებ თანასოფლელმა აცნობა და განაცხადა, რომ მამაკაცი არასრულწლოვან გოგონასთან ერთად სახლის დამხმარე ნაგებობის შესასვლელში შენიშნა.