ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩინეთს 13-15 აპრილს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ევროკომისიის წარმომადგენელზე პიტერ სტანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბორელის ჩინეთში ვიზიტი ბოლო იქნება ევროპელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების ვიზიტებს შორის ქვეყანაში, რომელსაც, მათი აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე შეუძლია გავლენა იქონიოს.
აქამდე, ხუთშაბათს ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდნენ, რომლებმაც ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს მოუწოდეს, გამოიყენოს მოსკოვზე საკუთარი გავლენა, რათა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
ასევე წინა კვირას ჩინეთს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეწვია.
ცნობისთვის, აქამდე ბორელმა განაცხადა, რომ მხარეების ოფიციალური რიტორიკის მიუხედავად, პეკინისა და მოსკოვის პარტნიორობას საზღვრები გააჩნია.
“ჩვენ გასაგებად ვთქვით ჩინეთთან: მისი პოზიცია სისასტიკეებისა და სამხედრო დანაშაულების მიმართ განსაზღვრავს პეკინთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხს”,- აღნიშნა ბორელმა.