სამების საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას დღეს მღვდელმსახურები აღავლენენ.
მათ მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ხარების დღესასწაული გახლავთ 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მივლინებული იქნება მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ახარებს მას, რომ სულ მალე მისი მეშვეობით კაცობრიობას მოევლინება მხსნელი, იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოისმენს რა ამ სიტყვებს, მორჩილებით მიიღებს და სულიწმიდის მიერ ყურის საშუალებით მოხდება მისი მინდგომილება და 9 თვის შემდეგ უკვე კაცობრიობას მისი მეშვეობით ეყოლება მხსნელი, იესო ქრისტე. გილოცავთ! ღმერთმა სიხარული და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს ერს", - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.