ენტონი ბლინკენი - უკრაინის პარტნიორების მიზანია, უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ

ენტონი ბლინკენი - უკრაინის პარტნიორების მიზანია, უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის სხვა პარტნიორების მიზანია, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.

„უკრაინის პარტნიორებს ორი მიზანი აქვთ, პირველი - გააკეთონ რაც შეუძლიათ ყველაფერი, რათა უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ. ეს მოიცავს კონტრშეტევას, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დაიწყება. მეორე - დაეხმარონ უკრაინას საშუალო და გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარებაში“, - განაცხადა ბლინკენმა გერმანულ n-tv-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების მიზანი რუსეთის აგრესიის შეკავებაა.

„სანამ რუსეთი არ შეცვლის კურსს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სანქციებისა და ექსპორტის კონტროლისგან გამოწვეული უპრეცედენტო ზეწოლა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ბლინკენმა.