სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას 9 აპრილს 17:00 საათზე აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ნარმანიამ ბრიფინგზე განაცხადა, მათთვის, ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს, 9 აპრილს აქციაზე გასვლა ღირსების საკითხია.
„1989 წლის 9 აპრილს, ილია ჭავჭავაძის სულისკვეთებით, გულანთებულმა ახალგაზრდებმა შეძლეს და ბოროტების იმპერიას დაუპირისპირდნენ. 2 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ალბათ, პარლამენტში მსხდომ „ეროვნული მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერებს არ წარმოედგინათ, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს, ასე გამალებით, ისევ ბოროტების იმპერიასთან მოუწევდათ ბრძოლა. არ წარმოედგინათ, რომ გავრილოვს იმ სკამში ჩასვამდნენ, რომლიდანაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. არც ის წარმოედგინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წლის შემდეგ, რუსული ხელისუფლება ეყოლებოდა.
7-10 მარტის მოვლენები ცხადყოფს „ქართული ოცნების” რუსულ ხელისუფლებას. ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართული რუსული კამპანიაც „რუსული ოცნების” ნათელი გამოვლინებაა. 78 დეპუტატი, რომელმაც საქართველოს რუსეთიზაციას მხარი დაუჭირა, ისტორიულ სამსჯავროზე აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს და პატიმრობაში კლავს პუტინის პირად პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს და გვაიძულებს, ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში მომხდარი საბედისწერო შეცდომა გავიმეოროთ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული სასამართლო მთავარ ოპოზიციურ ლიდერს, ნიკა გვარამიას ასამართლებს. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და არასტუდენტებს, 9 აპრილს 17:00 საათზე ჩვენთან ერთად დგომა, ჩვენთვის, ვისაც გვაინტერესებს, რა იქნება ხვალ და როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ღირსების საკითხია”, - განაცხადა გრიგოლ ნარმანიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, ლექსო ზარიძის თქმით, ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა, რადგან ის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, „რუსული ხელისუფლების მიერ დასჯილია”.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მტკივნეული თარიღია. მეორე მხრივ, ეს არის გამარჯვების, დიდი სიხარულისა და ბედნიერების თარიღი, რადგან 1989 წლის წამებულთა სულების გამო, 1991 წელს უკვე დამოუკიდებლობა მივიღეთ. მას შემდეგ, 32 წელია, საქართველოს თავისუფლების ისტორია გრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები, ყველა თაობის ადამიანთან ერთად 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, რათა რუსულ ხელისუფლებასა უარი ვუთხრათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, რუსული ხელისუფლების მიერაა დასჯილი. ის დღეს არა ციხეში, არამედ ჩვენ გვერდით უნდა იყოს. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარს არ გაათავისუფლებენ”, - განაცხადა ლექსო ზარიძემ.