საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
„თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაზაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ბრიგადის ტერიტორიაზე სამსართულიანი ყაზარმისა და საყარაულო შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან ყაზარმას რეკონსტრუქცია უტარდება, რაც იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, კერამიკული ფილების მოწყობას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას მოიცავს. სტუმრებმა დასრულებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამი მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და სამსართულიანი ყაზარმის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.