ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში, ან საქართველოში სააკაშვილი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ხელისუფლებაში ამერიკამ და რუსეთმა მოიყვანეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, მას არ ჰგონია, რომ „ნაციონალებს“, ან მათ „დამქაშებს“ რაიმე მომავალი ჰქონდეთ.
„დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე. თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს, ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?!
... ამერიკა და რუსეთი ფლირტში არიან, ახლოს არიან ერთმანეთთან და ჩამოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი. შევარდნაძეს „დამსახურებულ პენსიაში“ უშვებენ და მოჰყავთ სამი ადამიანი უშუალოდ რუსეთს, ვინც უნდოდა- სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. ამიტომ ის „ნაცმოძრაობა“ რაც იყო, აბსოლუტად რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები უცხოეთს - ამერიკას, ევროპას, რუსეთს „კუდებს უქიცინებენ“.
„ოღონდ რამე დაინახონ, ოღონდ რამე შეამჩნიონ და მაშინვე უცხოეთს - ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, თუ სხვადასხვა მანამდე დამპყრობლები რომ გვყავდა, იმასაც კარგად ვხედავ ხოლმე, კუდებს როგორ „უქიცინებენ“. ისეთი კუდები მაინც ჰქონდეთ, რომ დააჭრა კაცმა და სადმე ჩააბარო და ხალხისთვის სიკეთე გააკეთო. ბეწვიც კი არ უვარგათ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ ვინც თავისი ერის წინააღმდეგ წავა, არ შეიძლება ის ჩაითვალოს თუნდაც სრულყოფილ მოქალაქედ“, - განაცხადა მეუფემ.