თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უარყოფს ამ ეტაპზე ქონების რაიმე ფორმით გასხვისების ფაქტს და განმარტავს, რომ ნებისმიერი ქონება, რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში გასხვისდება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შესაბამისი კომისიის დადგენილების საფუძველზე, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში, რომლითაც უნივერსიტეტი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
მათივე განმარტებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შესაბამისი კომისია თსუ რექტორის ინიციატივით შეიქმნება და განიხილავს უნივერსიტეტის ქონების გასხვისების საჭიროებას და მიზანშეწონილობას.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან.
„აღნიშნული ინიციატივით თსუ რექტორი სენატის სხდომაზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ მეტი გამჭვირვალეობისთვის, უნივერსიტეტის ქონების გასხვისება მოხდება მხოლოდ საკითხის საგანგებო შესწავლისა და პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის გზით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) განიხილავს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული ქონების განკარგვის საკითხს, რაზეც შემდგომში იმსჯელებს შესაბამისი კომისია და მხოლოდ მისი დადებითი დასკვნის შემთხვევაში სენატი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, თსუ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილის (მდ. ვერეს მიმდებარედ არსებული ხევის) გასხვისებით შემოსული თანხით იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მათ შორის, უნივერსიტეტის მე-5 სასწავლო კორპუსის გარემონტება, მე-10 სასწავლო კორპუსის ორი სართულის რემონტი და ინფრასტრუქტურის (გათბობის სისტემები, ლიფტები) მოწესრიგება, ასევე მე-4 სასწავლო კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები.
რაც შეეხება სოფელ ტაბახმელაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, თსუ მას მხოლოდ სარგებლობის უფლებით ფლობს და ის არ წარმოადგენს თსუ-ის საკუთრებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 16 წელია უნივერსიტეტი ვერ იყენებდა მას. ხოლო ტაბახმელაში არსებული მეორე ნაკვეთი თსუ-ის არც საკუთრებაშია და არც სარგებლობაში. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო კომპენსაციის სახით აღნიშნული ნაკვეთის საბაზრო ღირებულების 50 %-ს გადმოსცემს უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო კლინიკის შესაძენად. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, აღნიშნული ქონების პრივატიზება განხორციელდება იმ პირობით, რომ ორივე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 50% ჩაერიცხება უნივერსიტეტს. ჩარიცხული თანხით კი უნივერსიტეტი გეგმავს საუნივერსიტეტო სამედიცინო კლინიკის წილის შესყიდვას, რომელიც უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული ხელს შეუწყობს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას პრაქტიკული კომპონენტის განვითარების გზით. ამავე დროს, კლინიკა მოემსახურება თსუ სტუდენტებსა და თანამშრომლებს.
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სარგებლობის უფლებით გადმოცემული, წლების განმავლობაში უფუნქციოდ არსებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლისა და პრაქტიკის ახალი შესაძლებლობები შეექმნას.
საბოლოო გადაწყვეტილებას ქონების განკარგვისა და გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მიიღებს 76-წევრიანი თსუ წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), რომლის შემადგენლობაშიც პროფესორები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები შედიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.