უკრაინა აფასებს ბრაზილიის პრეზიდენტის ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით გამოსავლის პოვნაში. ამავდროულად, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს: უკრაინა თავისი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური მიზეზი, რის გამოც უკრაინამ თუნდაც ერთი სანტიმეტრი ტერიტორია უნდა დათმოს.
„უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით გაწეული ნებისმიერი შუამავლობა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ უკრაინას ომის დასრულების მიზნით ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისთვის დათმობა შესთავაზა.