„მირაბალდები“ სოციალური პროექტია, რომელიც ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერებას ემსახურება. ამ მიზნის მისაღწევად კი საწარმო განათლებას იყენებს. აღსანიშნავია, რომ „მირაბალდები“ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მოხვდა, რამაც პროექტს მნიშვნელოვნად გაუადვილა საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა.
დეტალურად „მირაბალდების“ საქმიანობასა და ისტორიაზე მის დამფუძნებელს, ნინო სალუქვაძეს გავესაუბრეთ:
როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია?
პროფესიით იურისტი ვარ და სოციალური პროექტის (სოციალური საწარმოს) შექმნამდე დიდი გზა გამოვიარე. ყველაფერი 2019 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებით დაიწყო, რომელსაც დომინიკელი აქტივისტი დები მირაბალების ინსპირაციით, „მირაბალდები“ დავარქვი. ორგანიზაციის შექმნის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას, თბილისში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში მოვხვდი. ადგილზე ნანახმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა არა - დადებითი. ავსტრიაში ნანახი ანალოგიური დაწესებულება გამახსენდა, სადაც ყველა პირობა იყო ძალადობის მსხვერპლთა რესოციალიზაციისთვის, განსხვავებით ქართული პრაქტიკისგან. ამ პარალელის გავლების შემდეგ მივხვდი, რომ საჭირო იყო მოქმედება.
რას საქმიანობს თქვენი სოციალური საწარმო?
ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია. მე მჯერა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტური გზა განათლებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი სოციალური პროექტი (სოციალური საწარმო), რომელიც პირველი პარლამენტარი ქალების ილუსტრაციებით გაფორმებული უბის წიგნაკებით, სანიშნებით, ჩანთებითა და წინდებით ამ ქალების ისტორიას ჰყვება. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ორგანიზაციის პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მათ შორის, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას, ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით.
ჩვენი სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ‘’26 მაისის ქალების“ გაცნობას. ესენი არიან პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარების, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვისა და განათლების გავრცელების პროცესში. სამწუხაროდ, მათ შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ჩვენ გვინდა ამ რეალობის შეცვლა და ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2021 წლიდან არაერთ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ და ათასობით ადამიანს ვუყვებით ისტორიას ქალებზე, რომლებმაც თავის დროზე ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალეს.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სერიის წარმოებას, რომელიც ძლიერ, რეალიზებულ და დამოუკიდებელ ქალებს გააერთიანებს. ვფიქრობ, მსგავსი ისტორიები ბევრი ქალისთვის გახდება შთაგონების წყარო და მისცემს მათ ძალას, იბრძოლონ უკეთესი ცხოვრებისთვის, დაინახონ საკუთარი თავის მნიშვნელობა და საჭიროება საზოგადო საქმეების კეთების პროცესში. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ერთ-ერთი ილუსტრაცია ,,პეპელა მირაბალდი“, რომელიც ძლიერი, მებრძოლი, ამბიციური ქალის კრებით სახეს წარმოადგენს და გულისხმობს ყველას, ვინც მასში საკუთარ თავს დაინახავს. ის არის ანარეკლი ყველა იმ ქალის, რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის.
რა სირთულეები შეგხვდათ დაფუძნებიდან დღემდე და რა ეტაპზეა ახლა თქვენი ბიზნესი?
ჩვენი მთავარი სირთულე საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ ჩვენამდე მოვიდნენ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი სოციალური საწარმო, გნებავთ ბიზნესი დავუძახოთ, ორიენტირებულია შინაარსზე და არა - ვიზუალზე. ასე მუშაობს სოციალური საწარმო ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენ ,,ვყიდით“ იდეას და არა პროდუქტს. თითოეულ პროდუქტზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, დატანილია პირველი პარლამენტარი ქალების ბიოგრაფიები, რადგან ჩვენი მიზანი სწორედ ამ ქალების პოპულარიზაციაა. გვინდა, მათი ისტორიები რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებამდე, რათა მივცეთ მათ მოტივაცია, იყვნენ ღირსეული მოქალაქეები, ჩაერთონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, გააზიარონ განათლება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ასევე საზოგადოებაში ძალადობის თემასთან დაკავშირებული სტერეოტიპები. ფაქტი, რომ ჩვენ ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერებაზე ვმუშაობთ, ბევრს აფრთხობს. ამიტომ, სანამ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის შეძენისკენ მოვუწოდებთ, მანამდე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გვიწევს მუშაობა, თან, არაერთი მიმართულებით.
როგორ დაგეხმარათ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა?
ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ჩართვამ მოგვიტანა, ჩვენთვის საინტერესო ადამიანებთან თუ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობაა. იმისათვის, რომ რეალურად ვაკეთოთ საქმე რეალური ადამიანებისთვის, საჭიროა თანამშრომლობა და სურვილი, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმ მიზნების მიღწევაში, რაც საბოლოოდ, ჩვენთვის, ყველასთვის სასურველ შედეგს მოიტანს - ჯანსაღ, ღირსეულ გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი იქნება აღიარებული და დაფასებული.
როგორ ფიქრობთ, რატომაა მსგავსი პროგრამები საჭირო მეწარმეებისთვის?
მსგავსი პროექტები ნამდვილად მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით ქალი მეწარმეებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნესს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში გეხმარება. უკეთ ხედავ, რა უნდა გამოასწორო, რა უნდა შეცვალო იმისათვის, რომ წარმატებულ ბიზნესად/საწარმოდ იქცე. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა: ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, ნათლად დაგვენახა ჩვენი საქმიანობის მთავარი გამოწვევები და გზები, თუ როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს - გავაძლიეროთ ძალადობაგამოვლილი ქალები და ხელი შევუწყოთ განათლების მიღებაში, რაც მათ, თავის მხრივ, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოუტანს. ეს უკანასკნელი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი სლოგანიც ხომ ასე ჟღერს: განათლება ძალადობის წინააღმდეგ.