საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი მაღალრეიტინგული სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა სტიპენდიანტებად დაასახელა და დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუ-ის სამივე სტუდენტს, მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ფონდი 300 ლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თამაზ ბექაიას ფონდს სტიპენდიანტობის კანდიდატებად 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სამი ბაკალავრი, ფონდის მოთხოვნის შესაბამისად, პრიორიტეტულად აღიარებული სამი ფაკულტეტიდან წარუდგინა.

„შესაბამისად, ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ: ალექსანდრე მაჩხანელი - სამშენებლო ფაკულტეტიდან, გვანცა ცხადაძე - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და გიორგი ბეჟანიშვილი - აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან.

საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან შერჩეულ 19 მაღალრეიტინგულ სტუდენტს, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან წარდგენილ ბაკალავრებს, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „მოქსი თბილისში“ შეხვდნენ და ჯილდოები გადასცეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, სტიპენდიანტთა დაჯილდოების ღონისძიებას, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი გია ნაცვლიშვილი და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ საჩანელი.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრი, გვანცა ცხადაძე აღნიშნავს, სასიხარულოა, როცა სტუდენტის შრომა ფასდება და მას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კერძო საგანმანათლებლო ფონდისგან სტიპენდია ენიშნება. მისი თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრება მას სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვების საშუალებასაც აძლევს.

„ამ მოულოდნელი სიახლისთვის მადლობას ვუხდი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს. წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება სტუდენტის მოტივაცია, როცა ის საქართველოს მასშტაბით 19 საუკეთესო სტუდენტს შორის აღმოჩნდება და როგორი სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ შენი, როგორც სტუდენტის, შრომა ფასდება“, - ამბობს სტუ-ის სტუდენტი გვანცა ცხადაძე.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, ეს წარმატება უდიდესი მოტივაციაა, როგორც სტიპენდიანტი სტუდენტებისთვის, ასევე, სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რომ მეტად იშრომონ, მიიღონ კარგი განათლება, რათა ღირსეულად დასაქმდნენ და უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

„ის ფაქტი, რომ სტუდენტების შრომა არა მხოლოდ უნივერსიტეტში ფასდება, არამედ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას გადასცემს, ძლიერი მოტივატორია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი გაცილებით უკეთ ისწავლიან, უფრო მეტს იშრომებენ და ამ მხრივ, მათ მიმბაძველებიც გამოუჩნდებიან. სწორედ ეს არის უტყუარი წინაპირობა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ღირსეულად დასაქმდნენ და უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთ წარმატებული უმაღლესი სკოლაა, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში მაღალპროფესიონალ სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენი სტუდენტების მიერ მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მათთვის, მით უმეტეს, რომ ისინი სახელმწიფო სტიპენდიანტებიც არიან. მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, - აღნიშნავს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში