რა პროექტიც იყო, იმის შესაბამისად შევიდა ტექნიკური ცვლილება და ამ ტექნიკურმა ცვლილებამ უსაფრთხოებაზე არანაირი გავლენა არ მოახდინა, - ასე შეაფასა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე "გრინსერვის +"-ის ბრალდებული დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მთავარი ინჟინრის ჩვენება.
როგორც ჩოფიკაშვილი განმარტავს, პროკურატურას ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები აქვს.
"დღეს დაკითხულმა მოწმემ, რომელიც არის მთავარი არქიტექტორი, დაადასტურა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აბსოლუტურად რადიკალურად ცვლის საქმის გარემოებებს. კერძოდ, მან დაადასტურა ის, რომ თავდაპირველ პროექტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავება არ იყო იმ ტურბინებს შორის, რომელიც იდგა უშუალოდ აუზებში და იმ ტურბინებს შორის, რომელიც აუზიდან ორი მეტრის მოშორებით იყო. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაშიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამე ცვლილება მოსალოდნელი არ იყო და არ უნდა მომხდარიყო და არც მომხდარა. ზუსტად იგივე ისაუბრა აღნიშნულმა მოწმემ, რომ მათ ძირითად პროექტში იყო ინტეგრირებული უსაფრთხოების რელე, რომელიც ასევე იყო და შესაძლებელია ყოფილიყო იმ კომპიუტერულ მოწყობილობაში, იმ ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც დამონტაჟდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება თქვა ამასთან დაკავშირებით მოწმემ, რომ ამ ელექტრონული მოწყობილობის გახსნის, შემოწმების გარეშე, მხოლოდ შეხებით ვერცერთი ექსპერტი ვერ იტყოდა, ჰქონდა თუ არა მას ამ ფუნქციის მატარებელი გაჟონვის რელე და ასეთი შემოწმება არ მომხდარა. ასევე, არ მომხდარა ოფიციალური ავთენტური კატალოგების გამოთხოვა და შესწავლა მწარმოებელი კომპანიისაგან და უფრო მეტიც, ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, არც კი დაიკითხა მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ინჟინერი, რომელმაც მონტაჟი განახორციელა და დღევანდელი მოწმის ჩვენებით, ამის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაწყდებოდა და ვერ გაირკვეოდა.
მთავარი რაც არის, ის რომ ეს ადამიანი ცვლილებებთან დაკავშირებით იყო საქმის კურსში, მოხდა ტურბინის ადგილის გადანაცვლება და ამაზეც იყო ინფორმირებული, თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამას არანაირი ეჭვი არ გამოუვლენია და ამ ადამიანს უსაფრთხოების ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ გასჩენია. მან თქვა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანიაა პასუხისმგებელი, ვინც აწარმოებს ამ პროდუქციას. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენც ამას ვამბობთ, რომ ეს უნდა კითხონ მწარმოებელ კომპანიას. ინჟინერს, რომელსაც მონტაჟი განახორციელა, შეძენილი იყო ეს მონტაჟის პირობით და ასევე, ამასთან დაკავშირებით, არცერთი კითხვა შესაბამის პირებთან პროკურორს დღემდე არ დაუსვამს. მე ვამბობ იმას, რომ ექსპერტიზის დასკვნით, პროკურორი ამტკიცებს ამას და დღევანდელმა დაკითხულმა მოწმემ თქვა, რომ მათი პროექტი იყო უსაფრთხო და ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რაც განხორციელდა, უსაფრთხოების კუთხით არაფერი დამატებითი ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გატარებული. სწორედ ამას ვამტკიცებ, რომ რაც იყო პროექტი, იმის შესაბამისად შევიდა ტექნიკური ცვლილება, რაც შევიდა და ამ ტექნიკურმა ცვლილებამ უსაფრთხოებაზე არანაირი გავლენა არ მოახდინა. ამას ვამტკიცებთ ჩვენ და თვითონ პროკურორის ლოგიკაც, თუ მას დაჭერილი ყავს ხელოსნები, რომლებმაც გამოიწვიეს კაბელის დაზიანება, საიდანაც დენმა გაჟონა, მაშინ მშენებელი კომპანია რა შუაშია და თუ მშენებელი კომპანიაა დამნაშავე, მაშინ ის კონკრეტული ხელოსანი რა შუაშია, რომელმაც კაბელი დააზიანა. ურთიერთგამომრიცხავია თვითონ ბრალდება და ეს ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ ნათელი ხდება",- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).