უკრაინის კონტრიერიშის მოლოდინმაც კი რუს დამპყრობლებში ტყვედ ჩაბარების მსურველთა რიცხვი გააორმაგა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების კონტრიერიშის მოლოდინი რუსი ოკუპანტების რიგებში “მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ეროზიას აღრმავებს”.
„უკრაინული სახელმწიფო პროექტის “ცხოვრება მინდა” ფარგლებში, 2023 წლის მარტში 3 000-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა. ეს ორჯერ აღემატება წინა ყოველთვიურ მაჩვენებლებს", - განაცხადა რუსი სამხედროების ტყვედ ჩაბარების პროგრამის წარმომადგენელმა ვიტალი მატვიენკომ.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტების უშუალოდ ბრძოლის ველზე ტყვედ ჩაბარების შემთხვევებიც გახშირდა.
“უკრაინული საკონტრიერიშო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მისი ეფექტი უკვე იძლევა შედეგს. რუსი ჯარისკაცის არჩევანი ომის დროს ძალიან მარტივია: ან სიკვდილი, ან ტყვეობა”, - ნათქვამია განცხადებაში.