თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციის სარეზერვო ქვედანაყოფებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზება განახორციელა.
„პრემიერ-მინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროში მომხდარი თავდასხმები. კერძოდ, თელ-ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს თავდასხმის მიზნით ავტომობილით შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. დასავლეთ სანაპიროში კი თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. მანამდე ისრაელმა ლიბანსა და ღაზას სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 34 რაკეტის საპასუხოდ განახორციელეს.