GDI საქართველოს პარლამენტის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
როგორც GDI (Georgian Democracy Initiative)-ს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2023 წლის 6 აპრილს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, კერძოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, „ტვ პირველის" ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის" ჟურნალისტს თათია წოწონავას და ოპერატორს ზუკა ჩხვირკიას. მათივე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კითხვები დაუსვეს აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებასა და ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
„2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისწინებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს“, - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, მოქმედი წესის პირობებში, ჟურნალისტებმა, აკრედიტაციის შეჩერების შიშით, შესაძლოა, მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას თავი აარიდონ, რაც მათ საზოგადოების ინფორმირებაში ხელს შეუშლის.
„ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული აკრედიტაციის შეჩერების წესი კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას ეწინააღმდეგება.
GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესები
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აღუდგინოს აკრედიტაცია, რადგან ირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.