გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყვარელში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ ბზის ნარგაობების დაზიანებით ტოტები (სამი ტომარა) მოიპოვა და შემდგომი რეალიზების მიზნით, ტერიტორიიდან გაჰქონდა.
მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი.
„ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.