უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
„საიდუმლო მონაცემების „გაჟონვის“ მიზანი აშკარაა: ყურადღების გადატანა, ეჭვების და ურთიერთეჭვების გამოწვევა, უთანხმოების დათესვა. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაში. იღებ ღია ბრიფინგებს, ამატებ "ფეიკ" ინფორმაციას ან მიყურადების ცალკეულ ელემენტებს და აქვეყნებ მათ სოციალურ მედიაში/ქსელებში“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის “ტვიტერზე“ გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.