პარლამენტთან 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი დასრულდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იყო.
საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული იყო სცენა და ეკრანი, რომელზე აქციაზე შეკრებილებს აჩვენეს ვიდეო-კადრები, სადაც დასანქცირებული მოსამართლეებისა და აშშ-ის ელჩის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარები იყო ასახული. ასევე, ჩართეს ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ვიდეო მიმართვები, სადაც ისინი ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ის მიზანმიმართულად, გარეგნული ნიშნით ამოარჩია. აქციაზე არ ყოფილა პოლიტიკური სიტყვით გამოსვლები.
შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა შემსრულებლების მუსიკა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. „ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.