კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, სააღდგომო ლიტურგია მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
სიმბოლური იყო, რომ ტაძარში ნათლობის რიტუალი შესრულდა და ქრისტიანთა რიგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე კიდევ ერთი ახალგაზრდა შეემატა.
კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ:
„მჯერა, რომ ღვთის წყალობით, მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს გულებში და აღდგომის ძალა და მადლი იქნება მრავალი გამარჯვების საწინდარი“,- განაცხადა მან.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.