9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
პარლამენტთან იმყოფებიან სასულიერო პირები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც დღევანდელ დღეს იხსენებენ და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, როგორც მთავრობის წევრებმა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მმართველი გუნდის ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.