საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის აქციების მონაწილე, ქალი დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
კერძოდ, ნანა მალაშხია ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის.
ნანა მახარაძე კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.