თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს დღე აღსავსეა ტრაგიზმით და ამასთანავე ქართული მებრძოლი სულის, თავგანწირვის, გმირობის მაგალითია.
„9 აპრილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა. აქედან დაიწყო საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება და 1991 წლის 9 აპრილს მოგვიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე აღსავსეა ტრაგიზმით და ამასთანავე ქართული მებრძოლი სულის, თავგანწირვის, გმირობის მაგალითია. დღეს პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე და ამასთანავე ვამაყობთ მათი უდრეკი ნებით და შინაგანი სიმტკიცით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.