ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ჩვენი გადარჩენა უფალშია“.
,,და ისევ ბრძოლა, და ისევ ერთმანეთის თვალებში ჩახედვა გვჭირდება ჩვენ, ღმერთმა გაგახაროთ! აი, ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია, ვიდრე ჩვენს გულში არის ღმერთი. მხოლოდ გვჭირდება, რომ უკეთესად გავიცნოთ ჩვენი თავი, უკეთესად გავიცნოთ უფალი და ჩვენი დამმარცხებელი არა კაცი არ იქნება და ვერა კაცი ვერ იქნება, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, აქ ფოთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, იგივე რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს ყველა ქუჩები სოფლებსა და ქალაქებში, რადგან ჩვენი გადარჩენა უფალშია, ჩვენი გადარჩენა ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია, ბოროტება ბოროტებას შობს, უხეშობა უხეშობას ბადებს და სიყვარული სიყვარულს ამრავლებს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი საფრთხე ყოველთვის იქნება.
,,ასეთი საფრთხე ყოველთვის არის და იქნება, თუ დაგვავიწყდება ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ ჩვენთვის სახმართმოყვარება მაღლა დადგება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სამშობლოსათვის თავდადება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და იმედი მაქვს ჩვენთვის წარუშლელად იქნება 9 აპრილიც და ბევრი ის დღეები, რომლებმაც მიუხედავად მსხვერპლისა, მიუხედავად დამარცხებებისა, იმ სირთულეებისა რაც ყოფილა, დღემდე მოგვიყვანა ჩვენ და ამისი ხსოვნა ჩვენ გვაძლიერებს “, - განაცხდა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, ქვეყნის კეთილდღეობა ყველას უნდა ახარებდეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ქილიკი.
,,ჩვენ სიხარულზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არის ბოროტი სიხარული და არის ნამდვილი, მადლისმიერი სიხარული. ამას ბევრჯერ ვიტყვი. ბოროტი სიხარული არის, როცა ადამიანს სხვისი ცუდი უხარია, სხვისი შეცდომით ხარობს, სხვისი წაქცევით რაღაც სიამოვნებას განიცდის და არის სიხარული, რომელიც სხვისი სიკეთის თანაზიარს გაგხდის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ყველას უნდა გვახარებდეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვიქილიკოთ, თუკი ადამიანი ვერ იქცევა ისე, როგორც საჭიროა, უნდა შეგვეცოდოს ის ადამიანი, თუ ადამიანები და მათთვის უნდა ვილოცოთ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა და რაც შეეხება იმ მეთოდებზე ვინ, როგორ, რას და ვის უმკლავდება, ეკლესიის მისია არის ერთი და ის თავის მისიას ვერ უარყოფს და სამოქალაქო ხელისუფლების მისია არის ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ბუნებრივია, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისგან და წმინდა პოლიტიკურ მისიას აღასრულებს სახელმწიფო და სულიერ მისიას აღასრულებს ეკლესია. მთავარია, რომ საფრთხე არ დაემუქროს ჩვენი ერის მომავალს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ნამდვილად არ ქმნის პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში, აი, იმ მისიით რასაც ეკლესია ახორციელებს ბუნებრივია გავლენას ახდენს ყველაფერზე, რადგან ადამიანის შინაგანი სამყარო მისი მსოფლმხედველობა, მისი დამოკიდებულება მოვლენების თუ მისი აღქმა პირდაპირ საფუძველშია და განაპირობებს ადამიანის ქმედებებს. ამიტომ ჩვენ არაპირდაპირი ფორმით, მაგრამ მძლავრად ვცდილობთ, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა, სულიერი სიხარული სუფევდეს და ჩვენ შვილებს, თქვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.