პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა.
მედიის ცნობით, კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა "საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს.
„დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა... დაე, პატიმრები დაბრუნდნენ სახლებში და მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს“, - აღნიშნა პაპმა.
ამასთან, რომის პაპმა სააღდგომო მიმართვისას სირიაც ახსენა, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინშია. პონტიფექსმა სირიასა და თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლებზეც გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, პაპმა ილოცა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისთვის. მანვე ილოცა ლიბანის დახმარებისთვის, რომელიც სტაბილურობისა და ერთიანობის აღსადგენად იბრძვის. კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა სააღდგომო გზავნილში ახსენა მიანმარიც.
ამას გარდა, რომის პაპმა დახმარება ითხოვა ჰაიტისთვის, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. პონტიფექსმა ილოცა ტუნისისთვის, ისევე როგორც, საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთა ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ბურკინა ფასოში, მალიში, მოზამბიკსა და ნიგერიაში.
„დაე, უფალმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევებს ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, - აღნიშნა პაპმა.
კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ნიკარაგუასა და ერიტრეაში ქრისტიანების მდგომარეობაზეც.
პაპმა ფრანცისკემ მოწყვლადი ადამიანებისთვისაც ილოცა. მანვე შიმშილის, ნარკომანიის, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ყველა სხვა ფორმის მსხვერპლთათვის დახმარებაზეც ისაუბრა.
„დაე, უფალმა ნუგეში მისცეს ლტოლვილებს, დეპორტირებულებს, პოლიტპატიმრებსა და მიგრანტებს“, - დასძინა პონტიფექსმა.