საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სპორტის სასახლეში ჟურნალისტისა და კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„მინდა ყველას მოგისამძიმროთ ეს მძიმე წუთები. ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ ლეგენდარული პიროვნება, ლეგენდარული ადამიანი, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზომო სიყვარულით და თავდადებით ემსახურა თავის ქვეყანას და თავის საქმეს. ბატონი ჯამლეტი თავისი მოღვაწეობით გვაძლევდა სწორ მაგალითს. მას ყოველთვის ჰქონდა სწორი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პოზიცია. მთელი თავისი შეგნებით იგი ემსახურებოდა ქართული სპორტის განვითარებას, პოპულარიზაციას. მან არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი აჩუქა ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა, ბატონი ჯამლეტი თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რომ ებრაელ და ქართველ ხალხს შორის ძმობა და მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცე გამხდარიყო. ჩემთვის ძალიან მძიმე წუთებია. მე განსაკუთრებით მიყვარდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი. მინდა მის ოჯახს, ქალბატონ ევას, მის შვილებს, ახლობლებს, ნათესავებს, ყველას მივუსამძიმრო ეს მძიმე წუთები. ბატონი ჯამლეტი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, ვიზიარებთ ამ მძიმე წუთებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურთან ერთად ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ პატრიარქის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. ის ასევე იყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე. ჯამლეტ ხუხაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. 2013 წელს კი დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილისა და ოლიმპიური ორდენებით.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.