საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამორჩეული დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მუდამ დარჩება მანათობელ შუქურად, ნიშნად იმისა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და არასოდეს არ უნდა შეწყდეს.
„ყოველთვის გვემახსოვრება 9 აპრილი, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღი - ჩვენი თაობის ახალგაზრდების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის დღე, რომელმაც „შვა ახალი სულიერი საქართველო“ და ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში სრულუფლებიან სუბიექტად დააბრუნა.
რაც არ უნდა დიდი დრო გვაშორებდეს ამ ჰეროიკულ და ტრაგიკულ მოვლენებს, ქართველი ხალხის გული მუდამ მაღალი თვითრწმენითა და სიამაყით იქნება აღვსილი, როგორც ლადო ასათიანის სიტყვების წარმოთქმისას: „თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!“
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მუდამ დარჩება მანათობელ შუქურად, ნიშნად იმისა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და არასოდეს არ უნდა შეწყდეს, რამეთუ სამართლიანობისთვის ბრძოლა არასოდეს კარგავს აზრს და ის, უფლის შეწევნით, უთუოდ გამარჯვებით დასრულდება. ბრძოლისთვის კი მუდმივად უნდა ვიყოთ მზად, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, მეტი განათლებითა და მეცნიერებით, მეტი პროგრესითა და აღმშენებლობით! ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა შორის ხუთი გმირი - ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია, მანანა მელქაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.
დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.