ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. უნივერსიტეტში ასევე გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი დისკუსია თემაზე: „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“.
„1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს. საპროტესტო აქციას 21 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ქვეყანამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.