პირველი მოთხოვნაა - ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა - დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა - დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს აღნიშნული მოთხოვნების გარშემო დისკუსია შესთავაზა.
„ჩემო მეგობრებო, ამ 4 მოთხოვნის გარშემო აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი თქვენზე.
მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა ერთობისკენ, ხელების ჩაკიდებისა და გამარჯვებამდე ბრძოლისკენ.
„ჩემო მეგობრებო, რუსული პროპაგანდა დამარცხებულია. მიუხედავად, პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს აქ ყველა ერთად ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რამდენი არ გვეძახა რუსულმა პროპაგანდამ, ჩვენმა შიდა თუ გარე მტერმა, რომ თურმე არის ერთი პარტია და სხვა პარტიები არ იქნებიან, თურმე უნდა ვიყოთ გათითოკაცებულები, თურმე ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ და რეალურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპიროდ, გვჭირდება ერთობა, ხელების ჩაკიდება და ბრძოლა გამარჯვებამდე. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დიახ, დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა 1991 წელს გაფორმდა.
ყველამ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს „წადი, წადი“. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ისტორია გადაწეროს. სად ნახა და წაიკითხა, რომ ქართველი ხალხი არის მონობას მიჩვეული? სად ამოიკითხა? სად ნახა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ლაჩრობაა ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ მოძმე ქვეყნის, უკრაინის ზურგში დანის ჩარტყმა არის ჩვენი ქვეყნის ისტორია?! სად ნახა ღალატის ისტორია? ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენ ძმებთან ერთად. ეს არ არის ვიწრო, პარტიული ინტერესები, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით.
ამასობაში, ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან. აი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს თქვენ, აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვენ ნახეთ პოლიტიკური ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.