ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დღეს სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხებიან.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელიც დღეს ჩვენებას მისცემს, შემთხვევის ადგილი, ანუ ვაკის პარკის შადრევანი დაათვლიერა. როგორც ტყეშელაშვილი განმარტავს, სწორედ აღნიშნულმა გამომძიებელმა იპოვა დაზიანებული კაბელი და ცხაური, რომელმაც კაბელი დააზიანა.
რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტებს, როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ექსპერტების დაკითხვით დადასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ბავშვებმა, ასევე მარიტა მეფარიშვილმა ტრავმა ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად მიიღო.
სასამართლო პროცესზე „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვა და დასაკითხ მოწმეთა სიაში დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაზა ალთუნიშვილის შეყვანა სთხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა.
არჩილ ჩოფიკაშვილმა ასევე იშუამდგომლა, სამედიცინო ექსპერტების დაკითხვის ნაწილში სხდომა დახურულიყო, ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხება.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამისად, ახლა სხდომაზე ექსპერტების დაკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).