საქართველოს ბიზნესასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა შრომითი ბაზრის მიმდინარე გამოწვევებზე, პასიური სამუშაო ძალის გააქტიურებასა და პოტენციურ სამუშაო ძალასთან ბიზნესის პირდაპირ კომუნიკაციაზე იმსჯელეს.
როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული სერვისები გააცნო. საუბარი შეეხო, როგორც დასაქმების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების ოთხ წლიანი ჯავშანი და მასთან მიბმული სიკეთეები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასაქმების და კადრების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
„მოხარულნი ვართ, რომ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ბიზნესსექტორს მათი სერვისები, განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან შესაბამისი, სამუშაო ძალის არარსებობა სერიოზულ შეფერხებას უქმნის სექტორის ეფექტიან ოპერირებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კადრების დეფიციტი BAG ინდექსის კვლევის თანახმად ბიზნესსექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.